Thursday, December 12, 2019

რევოლუციური ტერორი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები 1905-1907 წლებში


Tengiz simaSvili

dabeWdilia - istoriis da eTnologiis institutis Jurnali 
,,saqarTvelos axali istoriis sakiTxebi~  t. VIII, 2005 weli, Tbilisi

             
რევოლუციური ტერორი და ქართველი საზოგადო მოღვაწეები


1905-1907 წლებში

 (ნიკო ხიზანაშვილის და ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიის ერთი საკითხის გამო)

      1905-1907 წლებში რევოლუციური პარტიები ფართოდ იყენებ-დნენ ტერორს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კავკასიის იმ-დროინდელი ხელისუფლების შეხედულებით, საქართველოში სო-ციალისტ-ფედერალისტებმა და სოციალისტ-რევოლუციონერებმა შე-ქმნეს საბრძოლო რაზმები, რომლებიც შედგებოდა თავზე ხელა-ღებული პირებისაგან. ისინი პარტიის კომიტეტების მითითებით თავს ესხმოდნენ და ჰკლავდნენ ადმინისტრაციული ორგანოების წარ-მომადგენლებს. ორივე ორგანიზაციის ამოცანას შეადგენდა ერთი და იგივე მიზანი _ ებრძოლა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ტერორის საშუალებით.(1) 
      ადგილობრივი ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ტერორის წარ-მოების საქმეში მათ არ ჩამოუვარდებოდნენ და პირიქით სჯობნიდ-ნენ კიდეც ქართველი სოციალ-დემოკრატები. ეს უკანასკნელნი გარ-და იმისა, რომ ტერორით ცდილობდნენ ,,`ხალხის მასებში გაეღვიძებინათ ინტერესი შინაური პოლიტიკისადმი, რათა ხალხს შეექმნა სამხედრო ჯგუფები თავისი კერძო მჩაგვრელების წინააღმდეგ~, თვლიდნენ ხალხის ცალკეული შეიარაღებული გამ-ოსვლები თანდათანობით შეერწყმებოდა საერთო-სახალხო აჯანყებას.(2) 
       პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი ორგანოების მონაცემებით, `კავკასიაში `,,ტერორისტულ ნიადაგზე~ მარტო 1907 წელს მოხდა 3060 მკვლელობა და ძარცვის შემთხვევა. მათ შორის _ 689 მკვლელობა და მკვლელობის მიზნით თავდასხმის ფაქტი. ამ ტერორისტული ხასიათის თავდასხმების დროს ტერორისტებმა მოკლეს 183 და დაჭრეს 90 თანამდებობის პირი~.(3)
     1905-1907 წლების რევოლუციის დროს ბევრი უდანაშაულო ადამიანი გახდა ტერორისტების მსხვერპლი. მათ შორის იყო ცნობილი პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, საქართველოს ისტორიის მკვლევარი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი ნიკო ხიზანაშვილი(ურბნელი). 
      მას 1906 წლის 15 დეკემბერს დილის 10 საათზე, თბილისში პირველი სამომრიგებლო განყოფილების გვერდით დაესხა თავს ორი პირი და მოკლა. მისი მკვლელები გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა. ნ. ხიზანაშვილის მკვლელობის შესახებ იმდროინდელ ქართველ საზოგადოებაში გაჩნდა რამოდენიმე ვერსია.
     ერთი ვერსიით, იგი მოკლეს ი. ბერიკაშვილის საქმის გამო, რომელსაც ბრალად ედებოდა მდიდარი ვაჭრის ღარიბოვის მოკვლა(ნ. ხიზანაშვილი მუშაობდა თბილისის მეორე განყოფილების მომრიგებელი მოსამართლის თანაშემწედ). მეორე ვერსიით, კი ნ. ხიზანაშვილი მოკლეს სოციალ-დემოკრატებმა, რადგან იგი ილია ჭავჭავაძის ერთგული დამცველი იყო.
     ჩვენი აზრით, უფრო სარწმუნოა ვერსია, რომელიც ადა-ნაშაულებს მის მკვლელობაში სოციალისტ-ფედერალისტების პარტი-ის საბრძოლო რაზმის წევრს, ცნობილ ტერორისტს კორნელი კასრაძეს.
     ნ. ხიზანაშვილს, თანამედროვეთა მოგონებებით, ძალიან სძულდა თავისი გერი ნუცა მაჩაბელი(მისი მეუღლის, მსახიობ ე. ჩერქეზიშვილის ქალიშვილი პირველი ქმრიდან. ავტ.). ნ. მაჩაბელი თავს ,,რევოლუციონერად ასაღებდა და ტერორისტთა ჯგუფთან იყო დაკავშირებული. ამ ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო კორნელი ილარიონის ძე კასრაძე, რომელიც მეგობრობდა ნუცას და ნიკოს ოჯახის ხშირი სტუმარი იყო. ნიკო დაბეჯითებით მოითხოვდა გერის თავიდან მოშორებას, ელისაბედი კი ვერ ელეოდა მას. ამ ნი-ადაგზე ოჯახში 1905-1906 წლებში დიდი უსიამოვნება ჩამოვარდა.~(4)
      ეს ვერსიები მოყვანილი აქვს ი. დოლიძეს 1981 წელს გამოცე-მულ ნ. ხიზანაშვილის ,,რჩეული იურიდიული ნაწერების~ დანართში. მას ისინი სპეციალურად არ შეუსწავლია. იგი თვლიდა, რომ თუმცა ,,ნ. ურბნელის მკვლელთა ვინაობა დღემდე დაუდგენელია, ერთი, რამ ცხადია, მას ანგარიში გაუსწორეს იმ ავაზაკურმა ძალებმა, რომლებ-მაც მალე ერის დიდება ილია ჭავჭავაძე განგმირეს~.(5)
      ი. დოლიძემ სამართლიანად გაავლო პარალელი ილიას და ნიკო ხიზანაშვილის მკვლელობებს შორის. ჩვენს მიერ საქართვე-ლოს ცენტრალურ ისტორიულ არქივში მოძიებული მასალის ანა-ლიზიდან ირკვევა, რომ რაღაც კავშირი ამ ორ მკვლელობას შორის მართლაც არსებობდა.
     ნ. ხიზანაშვილს სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1905 წლის 9 ნოემბერს, დღის სამ საათზე უცნობმა პირმა ქუჩაში ესროლა და დაჭრა. საქმის გამოძიება დაევალა საგანგებო საქმეთა გამომძიებელს ნ. ფ. ილიაშენკოს. არქივში არსებული გამოძიების მასალებიდან ჩანს, გამომძიებელმა უგულვებელყო დაზარალებულის და ასევე მოწ-მეთა ჩვენებებში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო ფაქტები. თვითონ ი. დოლიძე თვლიდა _ დამნაშავის დასადგენად იმდენად მნიშვნელოვანი ცნობებია საქმეში, რომ ოპერატიულად ძიების შემ-თხვევაში დანაშაულის გახსნა და დამნაშავის დადგენა სიძნელეს არ წარმოადგენდა.(6) 
     მასალებიდან ჩანს, ნ. ხიზანაშვილი გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილი არ იყო. მან ილიაშენკოს განცხადებით მიმართა, სადაც წერდა გამოძიება არასწორი გზით მიგყავთო. ითხოვდა, რომ ინფორ-მაცია მოეგროვებინათ არაოფიციალური გზებითაც, კერძოდ პოლიციის საიდუმლო აგენტურის და ინფორმატორების მეშვე-ობით.(7) ამის მიუხედავად, გამომძიებელმა საქმე მალე დახურა. 
     ჩვენ დავინტერესდით ილიაშენკოს პიროვნებით. საარქივო მა-სალებიდან ჩანს, ნ. ხიზანაშვილი და ილიაშენკო რამოდენიმე წლის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ თბილისის მეორე განყოფილების მომრიგებელ სასამართლოში. ნ. ხიზანაშვილს რამოდენიმეჯერ გად-აბარებულიც კი ჰქონია გამოსაძიებელი საქმეები ილიაშენკოსგან, როცა ეს უკანასკნელი შვებულებაში იმყოფებოდა.(8)
      ილიაშენკოს პირადი საქმის ნუსხიდან ირკვევა, რომ იგი 1906 წლის 12 მაისს ითხოვდა შვებულებას, რაზეც თბილისის საოლქო სასამართლოს განყოფილებების საერთო კრებამ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ მას აქვს სასწრაფოდ გამოსაძიებელი საქმეები. შესა-ძლებელია, აქ საუბარია ნ. ხიზანაშვილზე თავდასხმის გამოძიებაზე. სწორედ ამ უარიდან ოთხი დღის შემდეგ მიიღო ილიაშენკომ ნ. ხი-ზანაშვილის ზემოთ აღნიშნული განცხადება საქმის სწრაფი და სწორი გამოძიების შესახებ. ილიაშენკომ შვებულებაში გასვლის თხოვნით ამჯერად სასამართლო პალატას მიმართა, რომელიც თბი-ლისის საოლქო სასამართლოსთან შედარებით უფრო მაღალი ინ-სტანცია იყო. მას ნება დართეს გასულიყო შვებულებაში 1 ივლისიდან. მან 8 ივლისს დახურა ნ. ხიზანაშვილის დაჭრის საქმე და 13 ივლისს გავიდა შვებულებაში.(9)
     აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, ილიაშენკო ნ. ხიზანაშვილის საქმის სწორ გამოძიებას თავს არიდებდა, თუ რატომ ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ.
     დავუბრუნდეთ ნ. ხიზანაშვილის მკვლელობას. ეს რიგით მეორე თავდასხმა, პირველთან შედარებით უფრო ორგანიზებულად იყო მოწყობილი. იმდროინდელი გაზეთის ,,მეგობარი~ ინფორმაციით, ნ. ხიზანაშვილს ორი პირი დაესხა თავს და ერთი კი მეთვალყურედ ჰყავდათ დაყენებული.(10)
      ამ საქმის გამოძიება ჩაიბარა თბილისის სასამართლოს პირველი განყოფილების გამომძიებელმა. ჩვენი აზრით, ნ. ხიზანაშვილის დაჭრის საქმის ძიების მასალების მსგავსად, მკვლელობის საქმეშიც არსებული მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგრამ მას ახალმა გამომძიებელმა არავითარი ყურადღება არ მიაქცია და ილიაშენკოს მსგავსად გამოძიება მალევე სამ თვეში შეწყვიტა,  ბრალეულობის და მკვლელობის მოტივის უქონლობის გამო.(11) 
     თბილისის საოლქო სასამართლომ ნ. ხიზანაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საბოლოოდ დახურა 1907 წლის ოქტომბერში. ძიება არ განახლდა არც მას შემდეგ, რაც 1907 წლის ნოემბერში, თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს ,,სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის საერთო-რუსული სამხედრო კავშირის თბილისის ორგანიზაციის~ საქმის ძიებისას, გაჩნდა პირველი ინფორმაცია ნ. ხიზანაშვილის მკვლელის ვინაობის შესახებ.
      ეს ორგანიზაცია გასცა ,,ოხრანკის~ აგენტმა. ,,ოხრანკის~ მიერ რამოდენიმე ხნის განმავლობაში გროვდებოდა ინფორმაცია ამ რევოლუციური ორგანიზაციის წევრებზე, საქმიანობაზე და მისი ლიკვიდაცია მოხდა 1907 წლის მაისში. სწორედ, ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი იყო ნ. მაჩაბელი, რომელიც სხვებთან ერთად იქნა დაპატიმრებული. საქმეში არსებულ ერთ-ერთ აგენტურულ ინფორმაციაში და პოლიტიკური პოლიციის მოკვლეულ მასალაში მითითებულია, რომ ნ. მაჩაბელი იყო ,,ყურებამდე შეყვარებული კ. კასრაძეზე და მან მოაკვლევინა საყვარელს ნ. ხიზანაშვილი~.(12)
      თავის მხრივ თანამედროვეებიც _ ი. გრიშაშვილი და ს. გერსამია ნ. ხიზანაშვილის მკვლელად მიიჩნევდნენ კ. კასრაძეს. მათი აზრით, ნ. მაჩაბელმა ოჯახური უსიამოვნების ნიადაგზე მოაკვლევინა კ. კასრაძეს თავისი მამინაცვალი.(13) გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის აქტიური წევრი თედო სახოკია ნ. ხიზანაშვილს თვლიდა _ ,,პასუხისგებაში მიცემული ხულიგნების ძმათა კასრაძეთა მსხვერპლად~.(14)
      საერთოდ კ. კასრაძეზე თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს და თბილისის ,,ოხრანკის~ განყოფილების საარქივო მასალებში არსებობს რამოდენიმე საქმე. მათში იგი ასეა დახასიათებული _ ,,სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის `გამოჩენილი ტერორისტი კორნელი კასრაძე~. ,,`ოხრანკის~ საქმეებში მითითებულია, რომ იგი ადრევე ეწეოდა ტერორს. 1904 წლიდან მეთაურობდა ტერორისტების ჯგუფს, რომელიც გორის მაზრაში ატერორებდა, უწვავდა სახლებს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც არ თანაუგრძნობდა სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიას; 1905 წლიდან ხელმძღვანელობდა გორის მაზრაში მოქმედ სოციალისტ-ფედერალისტების ,,წითელ რაზმს~; 1905 წლის დეკემბერში თავისი რაზმით განაიარაღა ცხინვალის სტრაჟნიკების პოსტი; თავს დაესხა მამასახლის ვ. შერმაზანოვს; მოკლა სტარშინა დ. შიუკაშვილი, ურიადნიკი ჩერქეზოვი; თბილისში მოკლა გორის მაზრის უფროსი გუგუშვილი, გამომძიებელი ნ. ხიზანაშვილი და სხვები.(,,ოხრანკის~ და ჟანდარმერიის მიერ მასზე შექმნილ საქმეებში ყველგან მითითებულია, რომ მის მიერ იყო მოკლული ნ. ხიზანაშვილი. ავტ.) მონაწილეობდა ასევე, სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საბრძოლო რაზმის წევრების მიერ 1906 წელს დუშეთის ხაზინის 315000 მანეთის ექსპროპრიაციაში.(15) 
     კ. კასრაძე ასევე ფიგურირებს ნ. მაჩაბელთან ერთად ზემოთ დასახელებული ,,სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის საერთო-რუსული სამხედრო კავშირის თბილისის ორგანიზაციის~ საქმეშიც.
     თბილისში კ. კასრაძის ტერორისტულ მოღვაწეობას ადასტურებს მასზე შექმნილი ერთ-ერთი საქმიდან ამოღებული მასალა. აქ გორის მაზრის უფროსის თანაშემწე, თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსს აცნობებს ვინმე დავით ზაქროს ძე ციციანოვის შესახებ, რომელიც _ ,,იყო დუშეთის ხაზინის ერთ-ერთი ექსპროპრიატორი, ქ. თბილისში ოპერირებული სახელგანთქმული ტერორისტის კ. კასრაძის ბანდის წევრი, სხვადასხვა პირის მკვლელობების თანამონაწილე. მონაწილეობდა ტერორისტების ბანდის თავდასხმაში მდიდარ თბილისელ ვაჭარ კუზანოვზე.~(16) 
      საინტერესოა პოლიტიკური პოლიციის საქმეებში კ. კასრაძის უფროსი ძმის ალექსანდრე კასრაძის შესახებ არსებული მასალაც. როგორც თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ერთ-ერთი საქმიდან ჩანს, ის იყო ,,ახალციხის რევოლუციური ორგანიზაციის~ წევრი. რომელიც, როგორც საქმის ძიების მასალებიდან ჩანს, იყო ,,სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის საერთო-რუსული სამხედრო კავშირის თბილისის ორგანიზაციის~ ფილიალი ორგანიზაცია ახალციხეში. ,,სოციალისტ-რევოლუციონერების პარტიის საერთო რუსული სამხედრო კავშირის თბილისის ორგანიზაციაში~ კი, როგორც ადრე ავღნიშნეთ, შედიოდა ნ. მაჩაბელი და საქმეში ხშირად იხსენიება კ. კასრაძეც. პოლიტიკური პოლიციის მასალებიდან ირკვევა ისიც, რომ კასრაძის ,,მარჯვენა ხელი იყო დავით ივანეს ძე ბაქრაძე~.(17) რომლის და-ძმა ელენე და ალექსანდრე ბაქრაძეები იყვნენ ,,ახალციხის რევოლუციური ორგანიზაციის~ წევრები და დააპატიმრეს ნ. მაჩაბელთან ერთად.(18)
     საინტერესოა, რომ ,,ახალციხის რევოლუციური ორგანიზაციის~ საქმეს 1906 წლის 7 დეკემბრიდან იძიებდა ილიაშენკო.(19) მის მიერ საქმის გადაბარებიდან რამოდენიმე დღეში კი კლავენ ნ. ხიზანაშვილს. 
     დაზუსტებით ძნელია თქმა იმისა, მითუმეტეს ამდენი წლის გასვლის შემდეგ, თუ რა გახდა ნ. ხიზანაშვილის მკვლელობის მიზეზი. ოჯახური უსიამოვნების თუ რაიმე სხვა პირადი შურისძიების მოტივით მოკლა იგი კ. კასრაძემ. როგორც ვნახეთ, მას ფაქტობრივად ნ. ხიზანაშვილის მკვლელად ასახელებს რამოდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი წყარო. მათში ასევე გადმოცემულია მკვლელობის მოტივიც.  
     იმის გამო, რომ ეროვნული სულით `გაჟღენთილი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ტერორისტებიც ჩადიოდნენ, ყოველგვარ იდეურ საფუძველს მოკლებულ ისეთ აქტებს, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა რევოლუციურ საქმიანობასთან, 1907 წელს სოციალისტ-ფედერალისტების III პარტიულმა კონფერენციამ თავისი სამხედრო ორგანიზაციის საქმიანობა პარტიისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.(20)
      შესაბამისად კ. კასრაძე 1907 წელს საზღვარგარეთ წავიდა და საქართველოში დაბრუნდა 1909 წელს. აქ იგი მალევე დააპატიმრეს. მისი პიროვნების და როგორც ტერორისტის დასახასიათებლად საინტერესოდ მიგვაჩნია, მოვიყვანოთ წერილი, რომელიც დაპატიმრების დროს ჩამოართვეს. იგი პარიზში მყოფ ძმასთან გასაგზავნად ყოფილა განკუთვნილი: ,,დავით, იმისათვის, რომ კარგი მოსავალი მივიღო, უნდა დავიცადო, ძაან ვჩქარობთ, მაგრამ ასეთი აჩქარება საჭირო არ არის. მოკლე ხანში აუცილებელია, რომ არ მოხდეს. შემდეგ ფრანგულს სულ ვისწავლი და ყველაფერსაც. მე ამერიკისაკენ მოვუსვამ და არა იქ. ღმერთმა ქნას ეს მოხდეს. არ გამწარდე. იდექი მტკიცედ ეს-დეკო, იქნებ კადეტო. ჩემი საქმე ,,ობლასტნოი~ კომიტეტში ირჩევა, რომ გაგლიშვილის ბრალდება მომხადონ~.(21) 
      წერილზე დართულ პოლიტიკური პოლიციის დასკვნაში აღნიშნულია, რომ წერილი კონსპირაციული შინაარსისაა და მასში ლაპარაკია ექსპროპრიაციული აქტის მოწყობაზე, რომლის შესახებ ჩვენთან არის ინფორმაცია შემოსულიო.
      ამრიგად, კ. კასრაძე 1909 წელს კვლავ ტერორისტული ორგანიზაციის წევრია და როგორც ჩანს ექსპროპრიაციით მოპოვებული ფულით აპირებდა საზღვარგარეთ გაქცევას. ის გაასამართლეს და ზემოთ ჩამოთვლილი ბრალდებები წაუყენეს. საინტერესოა, რომ სასამართლომ იგი გაამართლა და მხოლოდ გადასახლება მიუსაჯა ნახიჭევანში.(22) იგი მალე თვითნებურად დაბრუნდა გადასახლებიდან და 1911 წელს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა საავადმყოფოში.(23)
      ნ. ხიზანაშვილის მკვლელობიდან რვა თვის შემდეგ, 1907 წლის 30 აგვისტოს მოკლეს ილია ჭავჭავაძე. ამ საქმის გამოძიება იმავე დღეს დაევალა საგანგებო საქმეთა გამომძიებელ ნ. ფ. ილიაშენკოს.(24) მან ილიას მკვლელობის საქმის გამოძიება საკმაოდ ტენდენციურად წარმართა. ამ საკითხზე საბჭოთა ისტორიკოსებიც საუბრობდნენ, მაგრამ მათი ინტერესი იყო საქმე ისე წარმოეჩინათ თითქოს მეფის სასამართლოს მოხელე ცდილობდა ილიას მკვლელობის ორგანიზატორის, როგორც ,,ოხრანკის~ აგენტის დიმიტრი სოფრომის ძე ჯაშის დაუსჯელად დატოვებას.(25) 
      დღეს ეჭვს არ იწვევს მკვლევარებში, ის გარემოება, რომ ილიას მკვლელობის ორგანიზატორი ადგილზე იყო მისი მოურავი ჯაში. თუმცა ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი აზრით, ჯაშის დადანაშაულება თითქოს ის 1907 წელს იყო ,,ოხრანკის~ აგენტი, არასწორია. 1909 წლის აპრილამდე მისი ასეთი სახის კონტაქტების დოკუმენტური დასაბუთება პოლიტიკურ პოლიციასთან არ მოიპოვება.  
       ,,ოხრანკის~ საქმეებში არსებული ინფორმაციით, ჯაში 1904 წელს დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის იყო დაპატიმრებული და ოთხი კვირა იჯდა ციხეში. ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას, მონაწილეობდა მუშების ანტისახელმწიფოებრივ შეკრებებში, ავრცელებდა მოწოდებებს, აგროვებდა შემოწირულობებს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო სალაროსათ-ვის, საგუბერნიო სამმართველოს ჩინოვნიკიდან, ვინმე ე. ტყემალა-ძისგან იღებდა ხელისუფლების მაკომპრომიტირებელი საბუთების ასლებს და ფსევდონიმით `,,ზდეშნი~, ბეჭდიდა მათ არალეგალურ გაზეთ ,,`ლისტოკ ბარბი პროლეტარიატა~-ში.(26) აი, ასეთი იდეური სოციალ-დემოკრატისათვის დამახასიათებელი ქცევის პიროვნება 1905 წლიდან ხდება სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი და ამავე პერიოდში მუშაობს გაზეთ ,,`ივერიაში~. საინტერესოა, რომ პოლიტიკური პოლიციის მიერ შედგენილ სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის ერთ-ერთ საქმეში, პარტიის წევრთა სიაში ერთად ფიგურირებენ დ. ჯაში და კ. კასრაძე.(27)  ,,ოხრანკის~ ამ საქმეში მის დახასიათებაში აღნიშნულია პირდაპირ ასე: ,,დიმიტრი სოფრომის ძე ჯაში _ გაზეთ `ივერიის~ თანამშრომელი~.` 
      აღსანიშნავია, რომ თანამედროვეთა მოგონებებში, ჯაში გამო-ცხადებულია 1906 წელს სოციალ-დემოკრატების _ ბოლშევიკების სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ალ. ობოლაძის მეგობრად, რომელიც თავის თავს ასე  ახასიათებდა: `,,გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ იმდენი ტერორისტული აქტი, რაც მე წილად მხვდა კავკასიაში, არავის შეუსრულებია~.(28) ასე, რომ ჯაში შეიძლება სწორედ თავისი ,,მეგობარი~ ბოლშევიკებისგან იყო შეგზავნილი, სოციალ-დემოკრატების აზრით, `ბურჟუაზიულ~ სო-ციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში. (სხვათა შორის დღესაც სხვადასხვა დაპირისპირებულ თუ ,,პარტნიორ~ პარტიებში თავისი ხალხის ჩანერგვის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია. ავტ.)
     საინტერესოა ასევე ჯაშის ილიას მოურავად მოწყობის ისტო-რია. ილიამ 1907 წლის ივნისში მოკლული მოურავის მ. მემარნიშვილის ნაცვლად, თავისი დის რეკომენდაციით მოურავად აიყვანა დ. ჯაში, რომელიც სპეციალობით ასოთამწყობი იყო და სოფლის მეურნეობის არაფერი გაეგებოდა. ილიას მოურავის მ. მემარნიშვილის მკვლელობა კი ჩაიდინეს სოციალ-დემოკრატების ადგილობრივი ,,წითელი რაზმის~ წევრებმა. ჩვენ ვფიქრობთ სავარაუდოდ იმისათვის, რომ გზა გაეხსნათ ჯაშისათვის ამ თანამდებობაზე. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სანამ ჯაში საგურამოში მოეწყობოდა იყო ცდა, იგი დაენიშნათ ილიასთან სათავადაზნაურო ბანკში.(29)
    ასე რომ, ჯაში შეიძლება დანამდვილებით ითქვას, სწორედ ბოლშევიკებისაგან იყო შეგზავნილი ილიასთან. ჯაშის მოწყობის პროცესი ილიას მოურავად ანალოგიურია სოციალ-დემოკრატების მიერ ტერორისტული აქტების და ექსპროპრიაციების ჩასადენად 1905-1907 წლებში გამოყენებული ხერხების სქემის სანდო პირების, იგივე აგენტების შეგზავნისა მოწინააღმდეგის ბანაკში.         
     ჯერ კიდევ, 1905 წლის ბოლოს ლენინი მიუთითებდა, რომ აუცილებელი იყო ბოლშევიკების ადგილობრივი კომიტეტების საბრძოლო რაზმების წევრებს შეიარაღებული საქმიანობა ორ პერიოდად დაეყოთ _ მოსამზადებელ და სამხედრო ოპერაციად. მოსამზადებელ პერიოდში უნდა შეეძინათ იარაღი და აუცილებლად ეწარმოებინათ დაზვერვითი სამუშაოები, რაშიც ლენინი გულისხმობდა ციხის ადმინისტრაციაში, პოლიციის ნაწილებში, ბანკებში, ფოსტებში და ხელისუფლების სხვა ორგანოებში ინფორმაციის წყაროების, კავშირების გაჩენას.(30)
     სწორედ ასეთი ხერხის გამოყენებით 1908 წლის სექტემბერში, მენშევიკებმა ფულის გამოძალვის მიზნით, ბათუმში გაიტაცეს ცნობილი ექიმი და შემდეგ მოკლეს. როგორც პოლიციამ გაარკვია, რომ ექიმის გატაცების ორგანიზება მოაწყო ამავე საავადმყოფოში მომუშავე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, რომელიც ცოტა ხნით ადრე სპეციალურად მოეწყო საავადმყოფოში სამუშაოდ, რომ გაეგო ექიმის მოძრაობის მარშრუტი და მიეღო სხვა ინფორმაცია.(31)  
      ბოლშევიკების ამ სახის მოღვაწეობას საქართველოში პოლიტიკური პოლიციის ადგილობრივი განყოფილებაც ვერ გადაურჩა. 1908 წელს თბილისის `ოხრანკის~ განყოფილების უფროსმა დაადგინა, რომ მისი თანამშრომელი, ჩინოვნიკი ვ. ტიროევი დიდი ხანია თანამშრომლობდა ბოლშევიკებთან და იგი 1906 წელს, დაპატიმრებულიც კი იყო საერთო პოლიციის მიერ ერევნის მოედნიდან ბოლშევიკების მიერ 250000 მანეთის ექსპროპრიაციის საქმესთან დაკავშირებით.(32)
     აღსანიშნავია, რომ საბჭოთა აგენტურის მიერ ანალოგიურად იქნა მოწყობილი ლ. ტროცკის მკვლელობა მექსიკაში 1930-იან წლებში. ტროცკისთან შეგზავნეს აგენტი, რომელმაც მდივნის ადგილი დაიკავა. ეს ადგილი მას გაუთავისუფლეს წინამორბედი ტროცკის მდივნის მკვლელობით.(33) საერთოდ ნკვდ-ს  მიერ 1920-1930-იან წლებში, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგეებზე ორგანიზებული ტერორისათვის დამახასიათებელი მეთოდებით, განხორციელებული ტერორისტული აქტები, მეტყველებს ამ სპეცსამსახურების თანამშრომლების ჩინებულ მომზადებაზე ტერორისტულ საქმიანობაში. ეს უკანასკნელნი ,,`იზრდებოდნენ~ ჩეკა-ს პირველი თანამშრომლების, ბოლშევიკების და მემარცხენე ესერების ტერორისტული წარსულის მაგალითებზე, რომლის გაანალიზებას და თავის პრაქტიკაში დანერგვას საკმაოდ წარმატებით ახერხებდნენ. 
       რაც შეეხება ჯაშის პოლიციის აგენტობას, იგი მართლაც 1909 წლის გაზაფხულზე იწყებს ,,მუშაობას~ კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის~ განყოფილებაში კონტრდაზვერვის ხაზით, როგორც აგენტი სოციალისტ-ფედერალისტების პარტიაში ,,სლუჩაინის~ ფსევდონიმით.(34) 
      1907 წელს მისი ,,ოხრანკის~ აგენტად ყოფნის შესახებ, დღემდე გამოქვეყნებულ ნაშრომებში არსებული მასალა გარკვეულ გადახედვას საჭიროებს. მაგალითად, ამ წელს ჯაშის ,,ოხრანკის~ აგენტობაზე ერთ-ერთი  და ალბათ ერთადერთი ძირითადი ინფორმაცია დ\უშეთის მაზრის უფროსის ყ. ფაღავას ჩვენებაა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ნ. ბერბიჭაშვილის გასამართლებისას იქნა მიცემული. იგი თავის ჩვენებაში ბერბიჭაშვილის საქმეზე ამბობდა _ ჩემი თვალით ვნახე, რომ ჯაში თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს შენობიდან გამოვიდა. მასზე მცხეთის ჟანდარმთა ვახმისტრმა მითხრა, რომ ჩვენთან მუშაობსო.(35) 
     ჯაში ვერ იქნებოდა 1907 წელს ჟანდარმერმთა საგუბერნიო სამმართველოს აგენტი, რადგან ჯერ ერთი ის, რომ აგენტურის ყოლი\ს უფლება 1903-1907 წლებში მხოლოდ პოლიტიკური ძებნის ორგანოებს _ ,,ოხრანკის~ განყოფილებებს ჰქონდა.(36) ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენდა აღმოჩენილი პოლიტიკური დანაშაულის ფაქტის გამოძიება და დადგენა. მეორე _ მხოლოდ 1907 წლის ბოლოს დეკემბერში  მოხდა ე. წ. კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის~ განყოფილების ჩამოყალიბება. მან გააერთიანა კავკასიაში არსებული პოლიტიკური ძებნის _ ,,ოხრანკის~ განყოფილებები და პოლიტიკური ძიების _ ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოები.(37) მისი ხელმძღვანელი ორგანო გახდა თბილისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველო. შესაბამისად კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის~ განყოფილება 1908 წლიდან განლაგდა თბილისის ჟანდარმერიის საგუბერნიო სამმართველოს შენობაში. ასევე სწორედ ამ დროიდან მიეცა უფლება და დაეშვა თანხები აგენტურის ,,შესაძენად~ თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს, როგორც კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის~ ხელმძღვანელ ორგანოს.(38) 1908 წლიდან მას ასევე დავალა პროვინციებში მანამდე არარსებული კონტრდაზვერვის ორგანოს ფუნქციების შესრულებაც.(39) 
      ამ წლამდე კონტრდაზვევის ფუნქციებს რუსეთის იმპერიაში ასრულებდა ძირითადად პეტერბურგში მოქმედი ე. წ. ,,დაზვერვის განყოფილება~. მას ევალებოდა უცხოეთის ქვეყნების სამხედრო ატაშეების, მათი აგენტების და რუსეთის იმ მოქალაქეების თვალთვალი ვინც აწვდიდა საიდუმლო ინფორმაციას უცხოელებს. 1903-1908 წლებში ,,დაზვერვის განყოფილების~ უფროსი იყო, პოლიტიკური ძებნის საქმეში დახელოვნებული, თბილისის ,,ოხრანკის~ პირველი ხელმძღვანელი დ. ლავროვი. ეს ორგანო ინფორმაციას იღებდა გარე მეთვალყურეობით, ანუ თვალთვალით და ამ პირებთან მიჩენილი, გადაბირებული აგენტურის მეშვეობით. მაგალითად, 1903 წელს იაპონიის სამხედრო ატაშეს მ. აკაშის მიჩენილი ყავდა აგენტი მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად.(40)
     ამრიგად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ,,ოხრანკის~ აგენტურა იყო სასტიკად დაკონსპირირებული და აგენტებს აკრძალული ჰქონდათ მისვლა ,,ოხრანკის~ შენობაში, ასევე იმასაც, რომ 1907 წელს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფლება არ ჰქონდა ყოლოდა აგენტები, ჯაში ამ დროს ჟანდარმერიის აგენტი ვერ იქნებოდა და მის შენობაშიც არაფერი ესაქმებოდა. ჩანს საკმაოდ ასაკიანმა, ოციანი და ოცდაათანი წლების რეპრესიებს რაღაცა მიზეზებით გადარჩენილმა, მაზრის ყოფილმა უფროსმა ფაღავამ, საბჭოთა მართლმსაჯულებას ხელისუფლებისათვის მისაღები ინფორმაცია გარკვეული შესწორებით მიაწოდა.
      ამ პერიოდში, კერძოდ 1909-1911 წლებში კავკასიის რაიონული ,,ოხრანკის~ განყოფილებას სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში ორი აგენტი ,,სლუჩაინი~ და ,,დვარიანინა~ ყავდა. პირველი ჯაში იყო, მეორე კი ი. კარბელაშვილი.(41) 
     ამ პარტიით რუსული სპეცსამსახურების დაინტერესება 1909 წელს შემთხვევითი არ იყო. მართალია, რევოლუციამ ჩაიარა, მაგრამ უცხოეთის ქვეყნების, განსაკუთრებით გერმანიის სპეცსამსახურები დიდ დაინტერესებას იჩენდნენ რუსეთში მოქმედი რევოლუციური და ნაციონალური იდეოლოგიის მქონე პარტიების საქმიანობით. ცნობილია, რომ ზემოთ დასახელებულმა იაპონიის სამხედრო ატაშემ აკაშიმ დაამყარა რა კარგი კავშირები რუს რევოლუციონერებთან, 1904 წელს რუსეთში მოქმედ რევოლუციურ პარტიებს გადასცა ერთ მილიონ ფრანკზე მეტი.(42) სხვათა შორის ამ თანხიდან ასი ათასი ფრანკი შეხვდა ესერების ტერორისტულ ორგანიზაციას ,,საბრძოლო ორგანიზაცია~, რომელმაც ამავე წელს მოკლა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პლევე.(43) 
      შესაბამისად ჯაშის, ასევე კარბელაშვილის ,,დააგენტურება~ და მათი მეშვეობით ინფორმაციის შეგროვება სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის საქმიანობაზე განპირობებული იყო, ამ პარტიის უცხოეთის აგენტურასთან შესაძლებელი კონტაქტების გამორკვევის გამო. არქივში არსებული გარკვეული მასალები იძლევიან მინიშნებას, რომ ალბათ ეს იყო კავკასიაში ამ დროს გააქტიურებული გერმანიის დაზვერვის აგენტურული ქსელი. 
1911 წელს მოხდა რეორგანიზაცია და კონტრდაზვერვის განყოფილებები შეიქმნა სმხედრო საოლქო შტაბებთან, მათ შორის კავკასიაში თბილისში.(44) თვითონ ჯაშის აღიარებით იგი ,,მუშაობდა~ კონტრდაზვერვის ხაზით 1909-1911 წლებში ჟანდარმერიაში, რაც როგორც ზემოთ ვნახეთ დასტურდება დოკუმენტურად.(45)
      საერთოდ რევოლუციურ საქმიანობაში გამოცდილი პირების გადაბირება და მათთვის პოლიტიკურ პოლიციაში სამუშაოს მიცემა რუსეთის იმდროინდელ სპეცსამსახურებში მიღებული პრაქტიკა იყო. პოლიტიკური პოლიციის მესვეურები თვლიდნენ, რომ მათ გააჩნდათ სათანადო ოპერატიული გამოცდილება და უნარი შეეკრიბათ, გაეანალიზებინათ  ოპერატიული ინფორმაცია. ბევრი ყოფილი აგენტი რევოლუციურ პარტიებში საკმაოდ დაწინაურდა რუსეთის პოლიტიკური პოლიციის ხელმძღვანელობაში. მაგალითად, ი. ზუბატოვი _ პოლიციის დეპარტამენტის ,,განსაკუთრებული განყოფილების~ უფროსი 1902-1903 წლებში, პ. რაჩკოვსკი _ პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებული განყოფილების უფროსი 1905-1906 წლებში, ა. გერასიმოვი _ პეტროგრადის ,,ოხრანკის~ უფროსი 1906-1909 წლებში და სხვები ახალგაზრდობაში არა მარტო შედიოდნენ რევოლუციურ ორგანიზაციებში და აწვდიდნენ როგორც აგენტები ცნობებს პოლიტიკურ პოლიციას, არამედ შემდგომში ამ ორგანოებში დაიკავეს მაღალი თანამდებობები. 
     ახლა კი დავუბრუნდეთ კვლავ ილიაშენკოს. თანამედროვეთა ცნობებით, ილიაშენკო ილიას მკვლელობის საქმის გამოძიების შემდეგ `ჯაშის საუკეთესო მეგობარი გამხდარა და მის ოჯახში წვეულებებზე დაიარებოდა. თვით ჯაში კი ილიაშენკოს შესახებ თავის ნაცნობებს ეუბნებოდა, რომ ის იყო მისი საუკეთესო მეგობარი.(456) 1908 წლის დეკემბერში ილიაშენკო დააწინაურეს. გადაიყვანეს თბილისის საოლქო სასამართლოს წევრად. ილიას მკვლელობის საქმის გამოძიება მან სხვა გამომძიებელს გადააბარა.
      მენშევიკების მმართველობის პერიოდში ილიაშენკო გახდა თბილისის ოლქის სასამართლოს და თბილისის სამოქალაქო მილიციის სარევიზიო კომისიის წევრი. 1921 წელს კი ბოლშევიკების შემოსვლისთანავე ა. ნაზარეტიანის – იუსტიცის სახალხო კომისრის ხელმოწერილი ბრძანებით ინიშნება `სამხრეთ ოსეთის ოლქის რევკომში საქმეთა მმართველის თანამდებობაზე.(47) 
      ბუნებრივია, ჩნდება კითხვები: პირველი _ რა საერთო უნდა ჰქონოდა საგანგებო საქმეთა გამომძიებელ ილიაშენკოს ჯაშთან? და მეორე _ მეფის ხელისუფლების ჩინოვნიკი ილიაშენკო რა დამსახურებების გამო დარჩა მენშევიკების მმართველობის პერიოდში საკმაოდ დიდ სასამართლო მოხელედ. რატომ გაუშვეს ბოლშევიკებმა იგი ცხინვალის რევკომში სამუშაოდ? 
      ნ. ჟორდანია 1905 წელს სოციალ-დემოკრატების საქმიანობას ასე ახასიათებდა: ,,ჩვენ ტერორს ვიყენებდით, როგორც იარაღს თავის დაცვისა და პოლიციურ ძალთა შორის პანიკის დათესვი-სათვის. თანახმად ასეთი შეხედულებისა თბილისის კომიტეტი ახდენდა ტერორისტულ თავდასხმებს ჟანდარმებზე, მეტად ერთგულ პოიციელებზე და ,,ოხრანკის~ აგენტებზე, ამან გამოიღო მოსალოდ-ნელი შედეგი, მთელი აპარატი მოეშალა მთავრობას, შიში და ძრწოლა გამეფდა ოხრანკაში. ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობ-და.~(48) ჩვენი ვარაუდით ჩანს ამ შიშის გამო დაიწყო ილიაშენკომ გარკვეული ურთიერთობების დამყარება რევოლუციონერებთან. საინტერესოა, რომ  მასთან როგორც საგანგებო საქმეთა გამო-ძიებელთან მთარგმნელად მუშაობდა რევოლუციონერი ვინმე ს. გუსლავსკი, რომელიც 1906 წლის მარტში დააპატიმრა პოლიციამ პოლიტიკური დანაშაულის ჩადენის მოტივით.(49) ამრიგად, ჩანს სწორედ რევოლუციის წლებში სოციალ-დემოკრატებთან მიღებული ,,დამსახურებების~ გამო მიიღო მან ზემოღნიშნული თანამდებობები. 
     და ბოლოს, ქართველ საზოგადო მოღვაწეებზე თავდასხმები _ ი. კარგარეთელის დაჭრა, შ. ჩიტაძის, ნ. ხიზანაშვილის, ი. ჭავჭავა-ძის მკვლელობები მეტყველებს 1905-1907 წლებში ,,თეთრი~ და ,,წითელი~ ტერორის დიდ მაშტაბებზე. რევოლუციონერებისათვის ხომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვის მოკლავდნენ, მათთვის მთავარი იყო მიეღწიათ სანუკვარი მიზნისათვის _ დაემხოთ მეფის ხელისუ-ფლება და თვითონ აეღოთ ხელში ძალაუფლება. 
    ,,ხეს ჭრიან, ნაფოტები ცვივა~ მორალით მათ ვერ შეძლეს შემდგომში ქვეყნის მართვა. დღევანდელი გადასახედიდან ჩვენს მიერ განვლილი 70 წლის ანალიზის საფუძველზე, უნდა დავეთანხმოთ სოციალ-დემოკრატების იდეურ ,,მამას~ კარლ მარქსს: მიზანი რომ-ლის მისაღწევად საჭიროა უღირსი საშუალებები, არ არის სწორი მიზანი.


გამოყენებული ლიტერატურა და საარქივო მასალები




1. ფ. მახარაძე ,,1905 წელი ამიერკავკასიაში~ 1926 წ. ფ. 326

2.     ,,Знание сила”   1990 г.  л.8

    3. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 13     აღწერა 27.  საქმე 5281 ფურცელი 8

    4. ნ. ხიზანაშვილი ,,რჩეული იურიდიული ნაწერები~ 1981 წ. ფ.618

    5. ნ. ხიზანაშვილი ,,რჩეული იურიდიული ნაწერები~ 1981 წ. ფ.620

    6. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 115     აღწერა 1.  საქმე 1526

    7. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 115     აღწერა 1.  საქმე 1526 ფ.21-22

    8. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 115     აღწერა 1.  საქმე 1042 ფ.53, 55, 59,  62

    9. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 116     აღწერა 1.  საქმე 1042  ფ.103-114

    10. ნ. ხიზანაშვილი ,,რჩეული იურიდიული ნაწერები~ 1981 წ. ფ.617

    11. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 115     აღწერა 1.  საქმე 1799 ფ.3, 8, 11

    12. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 153     აღწერა 1.  საქმე 994 ფ.253

    13. ნ. ხიზანაშვილი ,,რჩეული იურიდიული ნაწერები~ 1981 წ. ფ619

    14. თედო სახოკია ,,ჩემი საუკუნის ადამიანები~ 1984წ. ფ.32

    15 საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 17     აღწერა 2.  საქმე 1161, ფონდი 153 აღ.1 საქმე 1592, ფონდი 84 აღ. 2 საქმე 4444, ფონდი 153 აღ.1 საქმე 1589, ფონდი 94, აღ.1 საქმე 70

   16. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 153     აღწერა 1.  საქმე 1592 ფ. 44

   17. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 94     აღწერა 1.  საქმე 242 ფ.48

  18. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 153     აღწერა 1.  საქმე 994 ფ.20

  19.  საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 114   აღწერა 4 საქმე 99 ფ.38

  20.  საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 94   აღწერა 1 საქმე 70 ფ.140

   21. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 153   აღწერა 1 საქმე 1592 ფ.7

   22. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 84   აღწერა 2 საქმე 4444 ფ.29

  23. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 153   აღწერა 1 საქმე 1589 ფ.54

  24. პ. გუგუშვილი ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა~ 1938 წ. ფ.11

  25. ი. ოდიშვილი ,,წიწამურის ტრაგედია~ თბ. 1953 წ.

  26. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 94   აღწერა 1 საქმე 2 ფ.122

  27. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 94   აღწერა 1 საქმე 70 ფ.2

  28. ,,სახალხო განათლება~ 04.10.1990წ. შ. ბადრიძე ,,`წიწამურის ტრაგედიის გამოცანები~

  29. ი. ოდიშვილი ,,წიწამურის ტრაგედია~ თბ. 1953წ. გვ.32

  30. «В. И. Ленин о революции 1905 – 1907гг.» (Сборник) Москва 1984г. л. 252

   31. ,,რევოლუციის მატეანე~ თბ. 1923წ. #4 ფ. 59

  32. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 95   აღწერა 1 საქმე 27 ფ.47

   33. ,,Иностранная Литература”  (Ален Бросса  ,,Агенты Москвы“)  1989 г.  № 12    ც. 226

     34. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 95   აღწერა 1 საქმე 33 ფ.79

   35. პ. გუგუშვილი ,,ილია ჭავჭავაძის მკვლელობა~ 1938 წ. ფ 30

   36. თ. სიმაშვილი ,,საიდუმლო(პოლიტიკური) პოლიცია რევოლუციონერების წინააღმდეგ საქართველოში 1894-1908 წლებში.”’”~ თ. 2003 წ. ფ.51

  37. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 94     აღწერა 1.  საქმე 6  ფ.31

  38. თ. სიმაშვილი ,,საიდუმლო(პოლიტიკური) პოლიცია რევოლუციონერების წინააღმდეგ საქართველოში 1894-1908 წლებში.~ თ. 2003 წ. ფ. 115

  39. Л.С.ЯКОВЛЕВ ,,КОНТРРАЗВЕДКА РОССИИ НАКАНУНЕ И В ГОДЫ ПЕРВОЙ МИРОВОЙ ВОЙНЫ” 1997 г. Л. 12

    40. Л.С.ЯКОВЛЕВ ,,КОНТРРАЗВЕДКА РОССИИ НАКАНУНЕ И В ГОДЫ ПЕРВОЙ МИРОВОЙ ВОЙНЫ” 1997 г. Л.10

  41. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 95     აღწერა 1.  საქმე 66  ფ.21

42. ,,Былое” (журнал освобадительного движения)  п.  1917 г. №3  л. 75

43. А. И. Спиридович «Партия Социалистов-Революционеров и Ея Предшественники» (1886-1916) П. 1916г. л. 298

44. Л.С.ЯКОВЛЕВ ,,КОНТРРАЗВЕДКА РОССИИ НАКАНУНЕ И В ГОДЫ ПЕРВОЙ МИРОВОЙ ВОЙНЫ” 1997 г. Л.14

 45. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 1844     აღწერა 1.  საქმე 41

 46. გ. ყორანაშვილი ,,წიწამურის ტრაგედიის საიდუმლო~. თბ. 2004წ. ფ.108

 47. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 116    აღწერა 1.  საქმე 1042 ფ.148

48. ნ. ჟორდანია ,,`ჩემი წარსული~ თბ. 1990წ. ფ.49

49. საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი  ფონდი 95    აღწერა 1.  საქმე 9 ფ.188












No comments:

Post a Comment